სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა წარმოადგენს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ კონკურსს, რომელსაც ატარებს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი. ოლიმპიადის მიზანია ახალგაზრდებისა და სხვადასხვა საგნის პედაგოგების სამოქალაქო განათლების საკითხებით დაინტერესება და, ამ მხრივ, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. ის მიზნად ისახავს, სამოქალაქო განათლება ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ საგნის მასწავლებლებისთვის, არამედ ისეთი სასკოლო დისციპლინების პედაგოგებისთვისაც, როგორებიცაა ქართული ენა და ლიტერატურა, საზოგადოებრივი მეცნიერებები, უცხო ენები და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
ოლიმპიადა ტარდება წელიწადში ერთხელ მასწავლებლებისა (2023 და 2025 წელს) და მოსწავლეებისთვის (2024 და 2026 წელს), მონაცვლეობით. მასში მონაწილეობა შეუძლიათ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს; მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ოლიმპიადის შემთხვევაში კი საზოგადოებრივი მეცნიერებების, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენებისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგებს.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა შედგება რამდენიმე ეტაპისაგან და მოიცავს არამარტო მონაწილეთა ინფორმირებულობის დონის შემოწმებას სამოქალაქო განათლების საკითხებთან დაკავშირებით, არამედ გულისხმობს აქტიური მოქალაქეობის პრაქტიკის კომპონენტსაც.
ოლიმპიადის ფარგლებში მომზადებული რესურსი /საკითხავი მასალა წინასწარ განთავსდება ოლიმპიადის გვერდზე. მისი გაცნობა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დაეხმარებათ წარმატებით გაიარონ კონკურსის ეტაპები. ამას გარდა, საიტზე განთავსდება დამატებითი რესურსებიც, რომელთა გაცნობაც დაინტერესებულ პირებს დაეხმარებათ ოლიმპიადის საკითხების უკეთ გააზრებაში.
სამოქალაქო განათლების მოსწავლეთა ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.
ოლიმპიადა შედგება სამი ეტაპისგან, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, აგრეთვე პრაქტიკულ კომპონენტს. ოლიმპიადის I და II ეტაპი განხორციელდება ელექტრონულად. მესამე ეტაპზე გადასული, ფინალისტი მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო ბანაკში, რომლის ფარგლებში ადგილზე მიცემული დავალებების საფუძველზე გამოვლინდებიან პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებით.
დეტალებს ეტაპებსა და ვადებთან დაკავშირებით განთავსდება ოლიმპიადის დაწყებამდე წინამდებარე საიტზე www.civicscontest.ge
სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლის პედაგოგებს. პედაგოგთა გუნდი უნდა შედგებოდეს 3 წევრისგან, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებელია იყოს სამოქალაქო განათლების/მოქალაქეობის პედაგოგი, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ჯგუფის ლიდერს. გუნდის სხვა წევრები შესაძლებელია იყვნენ სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენისა და ისტ-ის მასწავლებლები. სკოლებს შეუძლიათ, ოლიმპიადაზე წარმოდგენილნი იყვნენ რამდენიმე გუნდით, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პედაგოგისთვის შესაძლებელია მხოლოდ ერთი გუნდის შემადგენლობაში ყოფნა.
გუნდის ლიდერი (სამოქალაქო განათლების/მოქალაქეობის პედაგოგი) ოლიმპიადის გვერდზე საკუთარი თავის რეგისტრაციის შემდეგ, ამატებს მისი გუნდის წევრებს და უთითებს გუნდის სახელწოდებასაც. დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე
მასწავლებლების ოლიმპიადის პირველი ტური წარიმართება ონლაინ, მეორე ტურში გადასული პედაგოგები განახორციელებენ პროექტს წინასწარ მითითებულ თემაზე.
მეორე ტურის დასრულების შემდეგ, ოლიმპიადის ფინალური ეტაპისთვის შეირჩევა თითო გუნდი თითოეული რეგიონიდან. ამგვარად, ფინალურ ეტაპზე წარმოდგენილი იქნება 11 გუნდის 33 პედაგოგი. აღნიშნული პედაგოგები მონაწილეობას მიიღებენ მასწავლებელთა ბანაკში, სადაც ადგილზე მიცემული დავალებების საფუძველზე გამოვლინდებიან პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდები.
დეტალები ეტაპებსა და ვადებთან დაკავშირებით განთავსდება ოლიმპიადის დაწყებამდე, წინამდებარე საიტზე www.civicscontest.ge
ვებგვერდი შეიქმნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.
პროგრამაში მონაწილეობს 650 სკოლა საქართველოს მასშტაბით და მასში ჩართულები არიან მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთ-ერთი პარტნიორია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ტექნოლოგიების დანერგვა სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში.